მოლდოვას საგარეო უწყება – “მოლდოვა ვეღარ გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობას ისე, როგორც წარსულში”

,,მოლდოვა ვეღარ გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობას ისე, როგორც წარსულში იყო, რადგან კიშინიოვი არ არის მზად ომის იგნორირებისთვის და თანმიმდევრულად გმობს აგრესიას”. ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს მდივანმა, ვლად კუკმა განაცხადა.

კუკის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვამ შეამცირა რუსეთთან კონტაქტების ინტენსივობა. დიალოგი გრძელდება, მაგრამ ის თითქმის აღარ არსებობს და მხარეები მესიჯებს დიპლომატიური დეპარტამენტების, საელჩოებისა და სამინისტროების მეშვეობით ცვლიან.

“რაც ხდება, ჩვენზე ძალიან მოქმედებს. ამან იმოქმედა ჩვენს უსაფრთხოებაზე პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ რუსეთთან. შეხედეთ ომის შედეგებსა და ჩვენს რეაქციას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ომს. ახლა ეს მესიჯები დომინირებს ორმხრივ დიალოგში”, – განაცხადა კუკმა რადიო კიშინიოვთან ინტერვიუში.

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ  18 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას რუსული საფრთხისგან თავის დასაცავად ევროკავშირში მაქსიმალურად სწრაფად გაწევრიანება სურს. მისი თქმით, მოლდოვა გაერთიანების წევრი ამ ათწლეულის ბოლომდე უნდა გახდეს.

მსგავსი თემები