ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის წესები და პროცედურები, რომლებიც იმოქმედებს 2023 წლის გამოცდებზე.

როგორც სოფიო გორგოძემ აღნიშნა, წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ  24 საგამოცდო ცენტრი იხსნება, რომლებიც გამოსაცდელების მისაღებად უკვე სრულ მზადყოფნაშია.

„ცენტრები იმუშავებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იხსნება ამბროლაურშიც.

ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. გამოცდების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილია საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, სსიპ მანდატურის სამსახური, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, შპს მაგთიკომი, შპს სქაიტელი.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან“, – განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები.

მსგავსი თემები