,,ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რუსეთმა მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს”- აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.

„ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რაც გვაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არიან წინა ხაზზე და პასუხისმგებელნი არიან, რომ ხელი შეუშალონ ისეთი რესურსების უზრუნველყოფას რუსეთისთვის, რაც დაეხმარება მათ, გააგრძელონ აგრესიული ომი უკრაინაში,”-  განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანია, რუსეთმა არ მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს და კლავს უკრაინელ ხალხს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რომ რუსმა სამხედროებმა, რუსეთმა მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს და კლავს უკრაინელ ხალხს. ჩვენ, როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი ყურადღებას ვამახვილებთ ელექტრონული მოწყობილობების იმ სახეობაზე, რაც ასე ვთქვათ გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას…

ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე, ან კიდევ ფართო მოხმარების საქონელზე, არ ვაწესებთ სანქციებს იმისათვის, რომ ამ საქონელმა მიაღწიოს ფართო ბაზარზე. გრძელდება რა ვაჭრობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ნივთებსა და საქონელზე, რაც შეიძლება, გამოყენებულ იქნას ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

მსგავსი თემები