აქციაზე დაკავებულები იზოლატორიდან გვიან ღამით გაათავისუფლეს

2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან დაკავებული უფლებადამცველები და ადვოკატები, თელავის  წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მათ 48-საათიანი პატიმრობის ვადა გაუვიდათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი; „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელი, უფლებადამცველი საბა ბრაჭველი და აქტივისტი  ნიკა რომანაძე სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი არ შედგება.

„ამაზე თავისუფალი არასდროს არ ვყოფილვარ აქამდე, დაკავებული თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო. ამ საქმემ ძალიან კარგად აჩვენა საქართველოს ხელისუფლების მსგავსება რუსულ რეჟიმთან, სადაც ასევე თეთრი ფურცლის გამო აკავებენ ადამიანებს“ – აღნიშნა მედიასთან  ედუარდ მარიკაშვილმა.

გათავისუფლების შემდეგ, წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა საბა ბრაჭველმა.

„48-საათიანი დაკავების ვადა ისე გავიდა, სასამართლოში არ გაგვიყვანეს. ეს გასაგებია, მათ არ უნდათ, რომ ჩვენ საჯარო ტრიბუნაზე ვთქვათ ჩვენი სათქმელი. არა უშავს, მე დავწერ ჩემს სიტყვას, რომელიც სასამართლოზე უნდა მეთქვა და რაკი ხელისუფლება ყრუა, დაე თქვენ – საზოგადოება იყავით ჩვენი მოსამართლეც, მსაჯულიც და მართლმსაჯულებაც”, – დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუქში  საბა ბრაჭველმა.

ადვოკატი ვანო ჩიტაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი მას შემდეგ ჩაინიშნება, რაც შსს  საქმის მასალებს შეიტანს.

პარლამენტის შენობის წინ დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულიდან რამდენიმე ადამიანი კი ადრე გაათავისუფლეს.

 

მსგავსი თემები