“არ არის ცნობილი მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე” – თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის მედიკამენტზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პრეპარატი, რომლის მიწოდებასაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, უსაფრთხო არ არის.

„მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მედიკამენტს ახასიათებს სერიოზული გვერდითი მოვლენები. რაც გასათვალისწინებელია და რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა არის ის, რომ არ არის ცნობილი მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებისათვის ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, ამ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელიც ამბობს, რომ ჯერჯერობით არ აქვს ეს მედიკამენტი აღიარებული, რადგან ძალიან ცოტა დრო გავიდა და მონაცემები მწირია.

ასევე ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან მათი რეკომენდაცია იყო ის, რომ ჩვენ უნდა მივყვეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკას რაც ჯერჯერობით მწირია, მაგრამ მათ ასევე დაგვიდასტურეს მზაობა, რომ დაგვეხმარონ ამ მონაცემების მოპოვებაში.

მათი პოზიციაც იგივეა, ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მედიკამენტის დანერგვა ქვეყანაში მოხდეს და ამან მოიტანოს უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე შესაძლოა რაღაცა ზიანი, რაზედაც ჯერჯერობით მონაცემები არავის არ აქვს.

ჩვენი გუშინდელი შეთავაზება შეეხებოდა იმას, რომ მეტი დროა საჭირო”,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ.

მსგავსი თემები