„მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ“ – კათოლიკოს პატრიარქი

სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქი ურწმუნო ადამიანებზეც ამახვილებს ყურადებას და ბრძანებს, რომ მრავლად არიან ასეთი ადამიანები.

„სამწუხაროდ, ადრეც და, მითუმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც“ – ბრძანებს პატრიარქი.

სააღდგომო ეპისტოლეს მიხედვით, ატეისტი მეცნიერებიც არიან, რომლებიც შემოქმედის ნაკვალევს ბერ ამჩნევენ.

„რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.

მათი საერთო განწყობის გამომხატველია დიდი გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის, ვერნერ ჰაიზენბერგის სიტყვები: “მეცნიერების სასმისის პირველმა ყლუპმა შესაძლოა ათეიზმს გაზიაროს, მაგრამ სასმისის ბოლოს აუცილებლად ღმერთი გელოდება”.

ბუნება სიბრძნის მშვენიერების, გონიერების ღვთაებრივი წიგნია, რომლის მართვა უფლისმიერი გონით ხდება და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და – ისიც ნაწილობრივ.

მინდა გაგახსენოთ იერუსალიმში დიდებით შესვლისას მაცხოვრის სიტყვები: “ესენი (ადამიანები) რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს” (ლკ. 19,40). და მართლაც, როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ “ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა, – შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი… რის ხილვამაც ყველა გააოგნა. ბუნება კვლავაც “ღაღადებს”, მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე.

“მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე” (ინ.14.6), – ბრძანებს მაცხოვარი.

 

მსგავსი თემები