„არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობიან განვითარებას, ომს, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისს შორის“ – ჩინეთის ელჩი

„დღეს მსოფლიოში არამდგრადი სიტუაციაა. უკრაინაში კრიზისის დაწყებიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა. ინფლაცია, ფასების ზრდა და პროტექციონიზმი სერიოზულ დარტყმას აყენებს წარმოებისა და მიწოდების გლობალურ ჯაჭვებს“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქარველოში ჭოუ ციენი და დასძენს, რომ ჩინეთი იყო, არის და იქნება სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე.

როგორც ელჩმა აღნიშნა,  ჰეგემონიზმი და ცივი ომის მენტალიტეტი გავლენას ახდენს საერთაშორისო წესრიგზე.

„მშვიდობის, განვითარების, უსაფრთხოების და მმართველობის დეფიციტი კაცობრიობისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. დღეს მსოფლიო გზაჯვარედინზე დგას; არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობიან განვითარებას, ომს, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისს შორის. თუ რა გზას უნდა დაადგეს კაცობრიობა, ამ საკითხზე ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. მსოფლიოში არსებული არამდგრადი სიტუაციის პასუხად, ჩინურმა მხარემ გლობალური განვითარების ხედვა წამოაყენა. ჩვენ უნდა შევქმნათ ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი სამყარო, სადაც იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, საყოველთაო უსაფრთხოება და საერთო კეთილდღეობა“ – აცხადებს ელჩი.

ჭოუ ციენის შეფასებით, ჩინეთის პრეზიდენტი მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოდის და მათ შორისაა, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოება“, „სარტყელი და გზა“, „კაცობრიობის საერთო ღირებულებები“ და სხვა.

„2021 წლიდან პრეზიდენტ სის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებს „გლობალური განვითარების“, „გლობალური უსაფრთხოების“ და „გლობალური ცივილიზაციის“ ინიციატივებიც შეემატა. მსოფლიოში არსებულ არამდგრად სიტუაციაზე ჩინეთის პასუხია „მშვიდობა, განვითარება და ცივილიზაციათა შორის გამოცდილების გაზიარება“.

2021 წელს პრეზიდენტ სის მიერ შემოთავაზებული „გლობალური განვითარების ინიციატივა“ ორიენტირებულია განვითარებასა და ხალხზე. იგი უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ყურადღება დაუთმოს განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და მდგრად განვითარებას“ – აცხადებს ელჩი.

 

მსგავსი თემები