,,ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს”- არჩილ თალაკვაძე

,,ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„ხელისუფლება იცავს საქართველოს სიმართლეს. რაც არ უნდა თქვან, როდესაც ეს ნათქვამი იქნება სიმართლისგან შორს, უსაფუძვლო, იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფით გაკეთებული ასეთი ძალიან უხეში ფორმებით, როგორც თუნდაც, რეზოლუციაში არის მოწოდება, ჩვენ ყოველთვის გავცემთ პასუხს. ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს. ევროკავშირი იწყება შენი ქვეყნის კონსტიტუციით. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია ევროკავშირი და, შესაბამისად, არავის აქვს უფლება, არცერთ ცალკეულ ევროპარლამენტარს, რომ ჩვენი კონსტიტუცია გვერდით გადადოს და გვითხრას, რომ საქართველომ კუბილიუსის წესებით უნდა იხელმძღვანელოს. ეს არასწორია. ამ ადამიანებმა უღალატეს ევროპას. ვგულისხმობ, კონკრეტულად იმ ჯგუფს, რომელმაც ეს რეზოლუცია შეიმუშავა და ვინც ევროპარლამენტის შიგნით კოორდინაცია გააკეთა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, რეზოლუციაში წერია სამკურნალოდ გადაყვანა, მაგრამ სინამდვილეში, ამის უკან გათავისუფლებაა.

„თქვენ მართლა ხომ არ გჯერათ, რეზოლუციაში რომ წერია სამკურნალოდ გადაყვანა? სინამდვილეში, ამის უკან წერია გათავისუფლება. სინამდვილეში, ისინი ზეწოლას ახდენენ ჩვენს სახელმწიფოზე, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ. რატომ უნდათ მისი გათავისუფლება? როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ჯგუფს აქვს მასთან ვალდებულებები და ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოიხსნან, როგორც თვითონ ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ის, რომ როგორმე ხელიდან დაუძვრნენ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები