,,რეალურად არავის მისთვის სიკეთე არ უნდა”- გია ვოლსკი სააკაშვილზე

,,სააკაშვილი გამოყენებულია როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი, შეცოცებული არიან ყველანი სააკაშვილზე და ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ მისგან,”’ – ასე ეხმიანება  პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი, გია ვოლსკი სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას.

მისი თქმით, რეალურად მიხეილ სააკაშვილისთვის კარგი არავის უნდა.

“მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში საკუთარ ოჯახს საკმაოდ დიდი ქონება გადასცა, ამ თანხას რაც ლობისტურ კომპანიას გადაუხადეს, ეს წარმომავლობა აქვს თუ სხვა, ან გიული ალასანიას გარდერობს ეს წარმომავლობა აქვს თუ სხვა, მე არ ვიცი.

ადამიანებს, ვისაც კანონიერად გააჩნიათ თანხა, შეუძლიათ კანონიერად ხარჯონ მათ შორის, ლობისტურ კომპანიებში, მაგრამ როცა საუბრობ იმაზე, რომ ადამიანი ცუდად არის, არ ჩამოგყავს ექიმი, არც იურისტი, არ გადიხარ კონსულტაციას ექსპერტებთან, არც ექსპერტიზას ატარებ და მილიონ დოლარს ხარჯავ იმისთვის, რომ პროპაგანდა გაუწიო შენი შვილის ცუდად ყოფნას, ეს რასაკვირველია ეჭვებს აღძრავს. საიდან მოდის თანხა არ ვიცი, თანხა სოლიდურია და გამოყენებულია იმისთვის, რომ საქართველოს დისკრედიტაცია მოახდინონ. რაც მთავარია, სააკაშვილი თავად გამოყენებულია როგორც მექანიზმი, ინსტრუმენტი, რომ თავის პოლიტიკური გეგმები შეასრულონ და შეცოცებული არიან ყველანი სააკაშვილზე, ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ მისგან. მაგრამ რეალურად არავის მისთვის სიკეთე არ უნდა, რაც უფრო ცუდად იქნება და მუდმივად ეს ინსტრუქცია აქვს ალბათ თავის პოლიტიკური თანამებრძოლებისგან, მათთვის უკეთესი იქნება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები