,,ტრიპლდემია” – სამი ვირუსი ერთდროულად ცირკულირებს”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, რასაც ტრიპლდემია ეწოდება.

მისი თქმით,  კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით მოსახლეობისთვის რთული იქნება ვირუსის პირდაპირი განსაზღვრა.

,,ტრიპლდემია” – ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს. გრიპი, რესპირაციული ვირუსული ინფექციები და კორონავირუსი – სამი ვირუსის ზემოქმედებაა მოსახლეობაზე. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეალობა. კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით, პირდაპირ განსაზღვრება, რომ ეს არის გრიპი, კორონავირუსი თუ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ამას სჭირდება ექიმი. მოსახლეობისთვის ძალიან რთული იქნება გარჩევა, ვინაიდან სამივე ვირუსისთვის დამახასიათებელია ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი. ასე რომ, სიმპტომები გარკვეულწილად იდენტურია.

თუმცა, არის გარკვეული განსხვავება თუნდაც ტემპერატურის თვალსაზრისით. კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს, არ ხასიათდება მაღალი ტემპერატურით. ომიკრონისთვის დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურა 37.5-38-ის ფარგლებში, შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაშინ როდესაც, გრიპისთვის ტიპურია 38-ზე მაღალი სიცხე, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, ხველა. დაავადების მიმდინარეობა ზოგადად გრიპის დროს ყოველთვის მძიმეა, განსხვავებით ომიკრონისგან. თუ ვისაუბრებთ რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსზე იქ მცირე ასაკის ბავშვებში ძირითადი აქცენტი არის ბრონქიოლების პროცესში ჩართვაზე, რაც გამოიხატება შეტევითი ხასიათის ხველით, მსტვინავი სუნთქვით, სუნქვის გაძნელებით, ეს ნიუანსი არც გრიპისთვის და არც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არ არის,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება.

,,იაშვილის კლინიკაში, პაციენტების მომართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი. იმის გათვალისწინებით, რომ მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში გაზრდილია, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა ხშირი ხდება. დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები