,,განსაკუთრებული არაფერი ხდება, სეზონური ვირუსების გამო კლინიკებში დატვირთვა მომატებულია, მაგრამ ,,გადავსებული,, არაა”- თენგიზ ცერცვაძე

,,დატვირთვა მომატებულია, კლინიკები შედარებით გადატვირთულია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ხდება – სინამდვილეში, დღევანდელი სეზონური ვირუსების, მათ შორის, გრიპის ვირუსის გავრცელება ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე გადის” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ქვეყანაში პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა.

„კლინიკებში დატვირთვა მომატებულია, რეანიმაციებში ნაკლებად, მაგრამ სიტყვა „გადავსებულია“, რასაც მედია კორონავირუსის დროს იყენებდა, შედარებაც არ შეიძლება. არაფერი ასეთი არ არის. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება, უპრობლემოდ თავსდება კლინიკაში და ვისაც სჭირდება, რეანიმაციულ დახმარებას იღებს. ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს. დაწყებული ოჯახის ექიმის ინსტიტუტიდან, დამთავრებული კლინიკებამდე. ამის მაგალითია თუნდაც ჩვენი კლინიკა, სადაც ადგილების პრობლემა ჯერ არ გვქონია. საქმე იმაშია, რომ წინა 2-3 წლის განმავლობაში კოვიდმა და მისმა საწინააღმდეგო ღონისძიებებმა, სეზონური ვირუსების გამოვლენა და გავრცელება იმდენად შეამცირა, რომ იმ წინა 2 წელიწადთან შედარებით გვეჩვენება, რომ რაღაც განსაკუთრებული სიტუაციაა. სინამდვილეში დღევანდელი სეზონური ვირუსები, მათ შორის, გრიპის ვირუსის გავრცელება ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე გადის,“ – აღნიშნავს ცერცვაძე.

 

(ინტერპრესნიუსი)

მსგავსი თემები