რომის პაპს პუტინთან შეხვედრა სურდა, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობამ შეხვედრაზე უარი განაცხადა

რომის პაპ ფრანცისკეს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში სურდა, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობამ შეხვედრის გამართვა საჭიროდ არ მიიჩნია.  ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ბაჰრეინიდან რომში დაბრუნებისას თვითმფრინავში განაცხადა.

რომის პაპის განცხადებით, ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის საელჩოში პირადად მივიდა და გადაწყვიტა აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის ელჩთან საუბარი.

„მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან სასაუბროდ, თუ საჭირო იყო. ლავროვმა უპასუხა ძალიან თავაზიანად – „გმადლობთ, მაგრამ ეს არ არის საჭირო ამ მომენტისთვისო“,- აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპის თქმით, წმინდა საყდარი მხარეებთან მუშაობს პატიმრების საკითხზე და ეს არის ის, რასაც ყოველთვის აკეთებდა.

მსგავსი თემები