„რეგიონში მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს და ეს არის რუსეთის ფედერაცია“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენს რეგიონში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში.

მისივე შეფასებით, რუსულ შანტაჟს შედეგი არ მოჰყვა.

„დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი დიპლომატიური შედეგი გვაქვს ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის, მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა მუშაობას განაგრძობს. მოქმედებდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც. დროული და სამართლიანი რეაგირება მოახდინეს საერთაშორისო ურთიერთობების სხვა წამყვანმა სუბიექტებმაც. ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენს რეგიონში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, სხვა არავინ“, – აცხადებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს,  თურქეთის პრეზიდენტთან  მარცვლეულის დერეფნისა და ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

„დეტალურად ვისაუბრეთ ასევე, რუსეთის მუდმივ პროვოკაციებზე, ირანულ დრონებზე, რუსული არმიის სარაკეტო დარტყმებზე. მაგალითად, დღეს დილით რუსულმა თვითმფრინავმა საკრუიზო რაკეტები გაუშვეს ზმეინოეს მახლობლად და ისინი ფაქტობრივად გადაფრინდნენ მარცვლეულის დერეფნის მარშრუტებზე. ყოველი ასეთი რუსული გაშვება, რაც თითქმის ყოველდღიურად ხდება, პირდაპირ საფრთხეს უქმნის სურსათის ექსპორტს. პარტნიორების პასუხისმგებლობაა ერთობლივად იმუშაონ რუსული საფრთხის შესამცირებლად“, -აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები