,,დემოკრატიის უკუსვლა, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს”- ნედ პრაისი

,,დემოკრატიის უკუსვლა, საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშორებს,”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს პარტნიორობას ქართველ ხალხთან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზაზე.

,,ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ დავინახეთ და რომელზეც ბოლო დღეებში ვისაუბრეთ, საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშორებს, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიას. დემოკრატიას, რომლის მიღწევისკენაც ქართველი ხალხი ასე აშკარად ისწრაფვის.

ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ ამაში დავეხმაროთ”,- განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები