ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლეები ამერიკაში მხოლოდ შენობების სანახავად მიჰყავთ და სხვა შედეგი არ არის

„სამოქალაქოს მოსამართლეები აშშ-ში რომ მიდიან გამოცდილების გასაზიარებლად, ამერიკული სამოქალაქო სამართალი და საქართველოს სამოქალაქო სამართალი ერთმანეთთან ისეა, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი. ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ ფეხით ვთამაშობთ. რაც არ უნდა ბრეიდი ჰყავდეთ, მაგარი მოთამაშე, რომ ჩამოიყვანო და ჩვენს ფეხბურთელებს გამოცდილება გაუზიაროს, რამე შედეგი იქნება?“ – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე.

მისი შეფასებით, ეს იმიტომ ხდება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაფერს ეკითხებიან.

„მკითხე რაღაც, ეფექტურად როგორ შეიძლება. ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს. რა თქმა უნდა, ეს კარგია და მივესალმები, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის საქმე? მოსამართლეები არ ლაპარაკობენ, უბრალოდ, ზრდილობის თემაა, თორემ გულწრფელად გეუბნებით, ყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო. კარგია, გასაგებია, რომ დაისვენებს მოსამართლე, შენობას ნახავს და ნახავს, რა დიდებულია აშშ-ი, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ეფექტურად რომ იყოს გამოყენებული, ხომ შეიძლება, გვქონდეს ურთიერთობა და კონტაქტი?“, – აცხადებს მურუსიძე.

მისივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის საელჩოს უპირისპირდება, თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას.

„საელჩოში ბევრი ქართველი მუშაობს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ არასოდეს არ გვქონია ისეთი საშუალება, რომ უშუალოდ ამერიკელ და სხვა პარტნიორებთან უშუალო ურთიერთობა გვქონოდა და დავლაპარაკებოდით ნორმალურად. ეს არასამთავრობო სექტორი ძალიან არის შემოჭრილი. მე მინდა, საქართველო იყოს პატარა აშშ-ი, მაგრამ ისე უნდა მოგვექცნენ, როგორც ხდება აშშ-ში“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

მსგავსი თემები