უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობებს თხოვნით მიმართავს

უკრაინის ვიცე-პრემიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს თხოვნით მიმართავს, ყირიმელ თათრებს ქვეყანაში შესვლაზე უარი არ უთხრან.

,,მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს, მიაქციონ ყურადღება ამ პრობლემებს. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების უკრაინული ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გადასვლას. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს!“ – განაცხადა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, ყირიმელი თათრები მესამე ქვეყნებში გადასვლით,  ცდილობენ, თავი აარიდონ მტრის არმიაში მობილიზებას, მაგრამ რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ მათ საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებიან.

„ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო მობილიზაცია. მათ დაიწყეს ყირიმელი თათრების და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასიური მობილიზება, რათა ომში ოკუპანტების მხარეს იბრძოლონ. ყირიმელი თათრები და უკრაინული ყირიმის სხვა ძირძველი ხალხები ყველანაირად ცდილობენ, თავი აარიდონ მტრის არმიაში მობილიზებას“, –  აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.

 

 

მსგავსი თემები