“პასუხს აგებენ და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდველი ზომები განიხილება” – ჯოზეფ ბორელი რეფერენდუმზე

23 სექტემბერს, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე „რეფერენდუმუს“ ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ჟოზეფ ბორელიც უერთდება ა აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფრისთვის პასუხს აგებს.

„ე.წ. რეფერენდუმებით რუსეთი ცდილობს, უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმაცია მოახდინოს.  მისი მიზანია ძალადობრივად შეცვალოს უკრაინის საზღვრები გაეროს წესდების და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევით“ – აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

როგორც ჯოზეფ ბორელი განმარტავს, ე.წ. რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, მისი შედეგები არ იქნება აღიარებული.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს დაგეგმილ უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც არღვევს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს. ასეთი ქმედებების შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და არ იქნება აღიარებული ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ.

რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს ამ „რეფერენდუმებში“ და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში, პასუხს აგებენ და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდველი ზომები განიხილება“ – აღნიშნავს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული უკრაინის რუსეთთან მიერთების მოთხოვნით უკრაინაში რუსეთი „რეფერენდუმს“ გეგმავს.

მსგავსი თემები