აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის ელჩს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გაკვირვებულია მასზე თავდასხმებით

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ამერიკის ელჩთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მას სრული მხარდაჭერა აქვს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, ქართველი პოლიტიკოსების რიტორიკა დეზინფორმაციაა.

„ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას“, – აღნიშნა პრაისმა.

ნედ პრაისის განცხადებით, ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და აშშ-ის საელჩო საქართველოში ერთგულია საქართველოს ხალხთან იმუშაოს და მხარი დაუჭიროს მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე”, – აღნიშნა პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდის მხრიდან, კელი დეგნანის მისამართით არაერთმა ბრალდებებმა გაიჟღერა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მმართველი გუნდიდან ბოლო პერიოდში წასული დეპუტატები თუ საკრებულოს წევრები აქტიურობენ.

მსგავსი თემები