,,რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს”- 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც  უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან უკრაინის ძალისხმევას, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.

მათივე განცხადებით, სასამართლოს შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნდამენტური ფუნქცია დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობის კუთხით.

,,ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს უკრაინის განცხადებას, რომელიც ახორციელებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, რომელიც ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად. გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა. ვიმეორებთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები