,,მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”- კარენ დონფრიდი

,,მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ისევე, როგორც შეწყვიტოს საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ხალხის ტკივილს”,- ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება.

კარენ დონფრიდის განცხადებით, აშშ-მა უკრაინელებისთვის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად 6 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გამოყო.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ ამ აგრესიის ომს პუტინი ვერ მოიგებს, უკრაინა ამ ომიდან გამოვა ყველასათვის თვალსაჩინოდ, რომ მას აქვს სხვების მსგავსად საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. 6 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გამოყო აშშ-მა უკრაინელებისთვის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად,  რათა მათმა ძალისხმევამ გაიმარჯვოს. აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, საკუთარი თავი დაიცვას აგრესიის წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის უნარი ისევე, როგორც მედეგობა რუსული ზეგავლენის წინაშე, მათ შორის ეკონომიკის თუ კიბერუსაფრთხოების წინაშე.

ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ისევე, როგორც შეწყვიტოს საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ხალხის ტკივილს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ არ ვითხოვთ კრემლის აგრესიის დასრულებას. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მათაც ჰქონდეთ იგივე ინსტრუმენტები, რომ დაიცვან თავი ამ მტრული ზრახვებისგან.  ახლა გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსის წევრებთან, რომ მხარი დავუჭიროთ ევროპის უსაფრთხოებას. აქვე მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ხალხს უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის ჩვენებისთვის.

მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ გამოვიყენოთ დღევანდელი კონფერენცია, რომ მოვიძიოთ ახალი შესაძლებლობები და გავაძლიეროთ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად, გენდერული თანასწორობა. როგორც უკვე ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ქალები მუშაობენ ყველა ქართველის დასაცავად, ისინი საუბრობენ სიმართლის წინ წამოსაწევად, თამარ მეფიდან დაწყებული ქალბატონი პრეზიდენტის ჩათვლით, ყველა ეს ძალისხმევა და თავისთავად ყველა გასაკეთებელი, რაც ჩვენ წინაშე დგას, უნდა გავაგრძელოთ, რათა მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას. ვიცით, რომ ქალთა მნიშვნელოვანი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე უფრო აძლიერებს ჩვენს კეთლილდღეობას, ისევე, როგორც უსაფრთხოებას. ჩვენი ვალდებულებაა, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალადობის აღმოფხვრისთვის, ისევე, როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ამავე დროს, გავაგრძელებთ იმ ქალების მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული არიან, მათ შეძლონ თავიანთი თავისთვის, მათი ოჯახებისა და თემებისთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფა. არც ერთი ეს გამოწვევა მარტივად გადასაჭრელი არ არის, მაგრამ ერთად მუშაობით დარწმუნებული ვარ, ქართველები შეძლებენ უფრო ძლიერი, უსაფრთხო საქართველოს აშენებას. იგივე ლეიტმოტივით მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ერთად მუშაობით შევძლებთ იმ გამოწვევების დაძლევას, რომელსაც ასეთი ტურბულენტური გარემოს პირობებში ვაწყდებით“, – კარენ დონფრიდმა.

მსგავსი თემები