„მოუმზადებელი აქცია. მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქცია მოუმზადებელი იყო. მისივე შეფასებით, აქციაზე ძირითადად ადმინისტრაციის თანამშრომლები, ელჩები და ჟურნალისტები იყვნენ მაშინ, როცა მოსახლეობის 85% ევროინტეგრაციის მომხრეა.

„გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო აქცია, საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები. როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო“ – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციას.

მისივე თქმით, პრეზიდენტი მმართველ გუნდს არ უჯერებს.

„ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდულიყო მოძრაობა. არც მოძრაობა იყო შეზღუდული, ხალხიც არ იყო მისული. 300 კაციანი აქცია ეს არის სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. 3 700 000 ქართველიდან 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას ანუ 3 500 000-მდე უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე. არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად ეს ყველაფერი“, – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები