,,უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში არის მსოფლიოს ყველა ქვეყნის თავისუფლების დაცვა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელესნკის განცხადებით, ოკუპანტები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ინფრასტრუქტურა გაანადგურონ.

„ყოველდღე, ჩვენი ხალხისადმი მიმართვისას მე ხაზს ვუსვამ, რამდენად მძიმეა და რა ფასად გვიჯდება რუსეთის აგრესიისგან თავდაცვა. ოკუპანტები ჩვენს წინააღმდეგ ძალიან სასტიკ ომს აწარმოებენ. ასეთი ომი ევროპულ კონტინენტზე ნამდვილად არ ყოფილა 77 წლის განმავლობაში. ეს არის ტოტალური ომი, როდესაც მტერი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ინფრასტრუქტურა გაანადგუროს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ქალაქ დესნაში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 87 ადამიანი გარდაიცვალა.

„ეს მხოლოდ ოთხი რაკეტა იყო. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინაზე 1 474 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რა დროსაც 2 275 სხვადასხვა რაკეტა გამოიყენა. აბსოლუტური უმრავლესობა – სამოქალაქო ობიექტებზე. არასრული სამი თვის განმავლობაში განხორციელდა რუსული თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების 3 000-ზე მეტი ავიადარტყმა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მხრიდან პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების მოთხოვნა  მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასთანაა  დაკავშირებული.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, თანამედროვე საბრძოლო ავიაცია, ჩვენ უბრალოდ ფორმალურ მოთხოვნას არ ვაგზავნით. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეს მოთხოვნა არის მრავალი ადამიანის რეალური სიცოცხლე, რომლებიც არ დაიღუპებოდნენ, ჩვენ რომ მიგვეღო ყველა იარაღი, რომლისთვისაც მივმართავთ თხოვნით. დღეს დავოსის ფორუმის მონაწილეებისადმი საუბრისას, მე სხვა საკითხებთან ერთად ამაზეც ვისაუბრე, უკრაინისთვის ყველაფრის მიწოდების აუცილებლობაზე, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენი ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში არის თავისუფალი მსოფლიოს ყველა ქვეყნის საერთო ღირებულებების, ჩვენი საერთო თავისუფლების დაცვა. თუკი ასეა, ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს სრული და გადაუდებელი დახმარების იმედი, უპირველეს ყოვლისა, იარაღით დახმარების. ყველა ჩემი საერთაშორისო მოლაპარაკება, ყველა ჩემი გამოსვლა პარლამენტში ან სხვა უცხოური აუდიტორიის წინაშე, აუცილებლად ეხება ამ თემატიკას. მე მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, რომლებიც გვთავაზობენ და გვაწვდიან აუცილებელ შეიარაღებას და საბრძოლო მასალებს, რათა დავძლიოთ ტექნიკისა და შეიარაღების ის უპირატესობა, რომელიც რუსეთის არმიას გააჩნია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები