ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,  მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე. საგამოძიებო უწყებაში საქმესთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს უახლოეს დღეებში გამოიკითხავენ.

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ, სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. არასამთავრობოებმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

მსგავსი თემები