ხალხი ნაწყენია, ვერტიკალი შესუსტებული, 14%-იანი სხვაობა – სირცხვილი: ბიძინა ივანიშვილი 

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველის ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი ნაწყენია, მმართველ პარტიაში გუნდურობა დაკარგულია, ვერტიკალი კი ძალიან შესუსტებული. ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი გაჩნდა. სუსტია მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობაც. ასეთივე მდგომარეობაა რეგიონებშიც.

პირველი ტურის არც თუ სახარბიელო შედეგის მიზეზად ყოფილი პრემიერი “ქართული ოცნების” ზედმეტ თვითდაჯერებულობასაც ასახელებს.

მისი შეფასებით, სამარცხვინო იყო “ქართული ოცნების” მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლიც, რომელიც რეალობას ბევრად ასცდა. 14%-იანი სხვაობა სირცხვილია და ამას კვლევა აღარ ჰქვია.
“ამ ყველაფერში სასიამოვნო კი ის არის, რომ საზოგადოება აფასებს ხელისუფლების ქცევას და შესატყვისი რეაქცია აქვს”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, ხალხის განაწყენებას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთია მმართველი გუნდის თვითდაჯერებულობა.

“ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს ხელისუფლებას მმართებს განსაკუთრებული მცდელობა იმის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს რომ ეს მისი ხელისუფლებაა, მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს მათი ყოფის შესამსუბუქებლად. ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთ მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუნდაც პირველი ტურის შედეგები – გუნდი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება სირცხვილი იყო. ის, რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების შემდგომ, ეს სირცხვილი იყო და ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამაზე. 14% სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია. ზოგი ჭირი მარგებელია. თვითონ გუნდმაც “ცივი შხაპი მიიღო”. სასიამოვნო რაც არის – დავინახეთ, რომ საზოგადოება თურმე აფასებს როგორ იქცევი და მათ შესატყვისი რეაქცია გააკეთეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “იმედი LIVE”-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის მიერ “ფსიქოპროექტისთვის” დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 52.3% ჰქონდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 38.64% მიიღო.

მსგავსი თემები