თბილისში ახალგაზრდული კინოფესტივალი “თაობა” გაიხსნა 

 თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიხსნა და 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხორციელდება.

როგორც “მთავარს” ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან დვალმა განუცხადა, პროექტის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაა. „თაობაში“ საქართველოში მცხოვრები 13-18 წლის 300 ახალგაზრდა მონაწილეობს. ახალგაზრდული კინოფესტივალი, როგორც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა.

მისივე ინფორმაციით, ფესტივალის მოდელი საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზეა მორგებული, რაც ახალგაზრდების ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასებისა და ლექციების საშუალებით, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. „თაობა“ ასევე, აქტიურად თანამშრომლობს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

ფესტივალი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, კულტურისა და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის გახსნას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო და მერიის მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

„წიგნის, თეატრის, კლასიკური მუსიკის, კინოხელოვნების სიყვარული სწორედ ბავშვობიდან იწყება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდები, დიდ კინოხელოვნებას ეზიარებიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალში არა ერთი საერთაშორისო კინოფესტივალიდან გავიგებთ ბევრი მათგანის სახელს და ვიამაყებთ, რომ მათ სწორედ „თაობიდან“ დაიწყეს კინოკარიერა. ფესტივალი 2019 წლიდან უფრო მასშტაბური გახდება. თბილისის მერია აღნიშნულ ღონისძიებას მხარში მაქსიმალურად დაუდგება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მსგავსი თემები