პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კასპის, მცხეთისა და ყაზბეგის მოსახლეობას შეხვდა და რუსული ჯარის მიერ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა კასპში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ლამისყანიდან უკვე მოსჩანს რუსის ჯარები, საიდანაც მომდინარეობს საქართველო მოქალაქეების გატაცების საფრთხე. მისი თქმით, საჭიროა მოქმედება და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მეტი მხარდაჭერა, რათა საქართველოს მოსახლეობა უსაფრთოდ იყოს.
“რადგან კასპში ვართ და ძალიან ახლოს საზღვართან, პრაქტიკულად, ლამისყანიდან უკვე ჩანს რუსი ჯარისკაცებიც და დროშაც. ძალიან ხშირად ხდება ადამიანების გატაცება. საჭიროა არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ქმედებები და ეს უნდა მოხდეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, მათ უფრო მეტი მხარდაჭერა ვთხოვოთ, უფრო მეტი ჩარევა ადგილზე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.”, – აცხადებს ხალომე ზურაბიშვილი.
მან ასევე მიმართა ყაზბეგის მოსახლეობას და განაცხადა, რომ ეს ადამიანები საზღვრის დარაჯები არიან.
მისი თქმით, პრეზიდენტი საზღვარზე, ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობაზეა პასუხისმგებელი. ისევე, როგორც ადამიანს სჭირდება ძლიერი ხერხემალი, ქვეყანას სჭირდება თავისი საზღვრების გამაგრება.
“ქვეყანას არ აშენებს მხოლოდ ერთი ადამიანი. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ იგი, ერთად უნდა განვავითაროთ რეგიონები. ყაზბეგის გამოცოცხლება დაიწყო კერძო ინიციატივით და გრძელდება კერძო ინიციატივებით, ახალგაზრდების ინიციატივით. ეს არის ძალიან სწორად დაწყებული გზა. მე ვარ ერთგვარი სიმბოლო დაბრუნების – იმის, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება. ის ჯერ არ არის ფეხზე დამდგარი ისე, როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ისეთი, როგორიც ჩემებს სურდათ თავის დროზე – არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და აქვს განვითარების ყველა საშუალება”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შესთავაზეს ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც, ერთ-ერთი საელჩოს და ცესკოს ერთობლივი ინიციატივა იყო, – რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აეღოთ ვალდებულება, კონკურენტებს ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენა არ გამოეყენებინათ. თუმცა, ზურაბიშვილმა ამ ქარტიაზე ხელი არ მოაწერა. “არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები. ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა და ქართველობა”, – აცხადებს იგი.