ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე მიიჩნევს, რომ პრევენციული სისტემებისა და პროფილაქტიკური აქტივობების გარეშე ნარკომანიასთან ბრძოლა წაგებისთვის არის განწირული.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე და მოჰყავთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება, იქვე უნდა დაკონკრეტდეს, ამ ქვეყნებმა რა პრევენციული ზომები გაატარეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ გაზრდილიყო ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი.
” როცა ვსაუბრობთ პორტუგალიის მოდელზე, სადაც 2001 წელს, ყველა ნარკოტიკული საშუალების სრულ დეკრიმინალიზაცია დაინერგა და შემცირდა ახალგაზრდობაში მოხმარებისა და დამოკიდებულების რიცხვი, ხშირად გვავიწყდება ვთქვათ, რომ ეს მარტო დეკრიმინალიზაციის ფონზე არ მომხდარა, ბევრი პრევენციული სისტემა ამოქმედდა. პორტუგალია დღეს, ნარკომანიის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის ხარჯავს არა ერთ ათეულ მილიონობით ევროს, საქართველოს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია”, – განაცხადა ლაშა კილაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს პრევენციის გამართული სისტემა, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის დაუყოვნებლივ უნდა ამუშავდეს საბავშვო ბაღებით დაწყებული, განათლების სისტემის ყველა რგოლში. ქვეყანაში ანტინარკოტიკული აქტივობები არის ძალიან სუსტი და ისიც გაფანტული ფინანსური რესურსის ხარჯზე მიმდინარეობს. არ არსებობს სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია.
“ჩვენი ცენტრის გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ გვაქვს ძალიან პოზიტიური კომუნიკაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან და გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რომ პრევენციის სისტემა ამუშავდეს და დაინერგოს. დღეს, არსებობს სხვადასხვა პროგრამები, სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს. გამოიყოფა დაფინანსება, მაგრამ ეს აქტივობები არის ძალიან სუსტი და დეზორგანიზებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთ სისტემაში მოქცეული. შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა ცალ-ცალკე კი არ უნდა იმოქმედონ, არამედ იყოს ერთი ხედვის ფარგლებში, პრობლემისადმი ერთი დამოკიდებულების პირობებში”, – მიაჩნია ლაშა კილაძეს.