კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს დღესაც მართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღესაც განაგრძობს.

პარტიებთან აუდიენცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დილიდანაა ჩანიშნული. ამჯერად დანიელსონი ჯერ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართავს მორიგ შეხვედრებს.

როგორც ცნობილია, უცხოელი მედიატორის ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრისტიან დანიელსონი ორჯერ შეხვდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შუალედში კი მან შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა.

აღსანიშნავია, რომ კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დღეს დილით უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ვიზიტი ერთი დღით გადადო და შესაბამისად, დღესაც საქართველოში რჩება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ.

პროცესში ყველა მხარე ძალიან კარგად მუშაობდა. გავაგრძელებთ მუშაობას და ეს ყველაფერი მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა 14 მარტს პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

მსგავსი თემები