Novavax-ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში 89.3%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის ვაქცინამ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში კორონავირუსის წინააღმდეგ 89.3%-იანი ეფექტურობა აჩვენა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ ფაქტს „კარგი ახალი ამბავი“ უწოდა და განაცხადა, რომ ახლა ვაქცინას გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანას Novavax-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა აქვს დარეზერვებული, რომელიც, გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შევა, იმ შემთხვევაში, თუკი მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო მას გამოყენებისთვის დაამტკიცებს.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის ვაქცინა მოქალაქეების ასაცრელად გამოიყენოს, თუკი მისი დამტკიცება მოხდება.

Novavax-ის ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.

ვაქცინამ კორონავირუსის თავდაპირველად გავრცელებული ვარიანტის მიმართ 95.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ მიმართ – 85.6%-ი, მთლიანობაში კი – 89.3%-ი. რაც შეეხება ცდის სამხრეთ აფრიკულ ნაწილს, სადაც შემთხვევების უმეტესი ნაწილი ვირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი იყო, ვაქცინამ 60%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში, გადაუდებელი გამოყენებისთვის, დღემდე სამი ვაქცინაა დამტკიცებული : Oxford University-სა და AstraZeneca-ს ერთობლივად შექმნილა ვაქცინა, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაკომპანია Moderna-ს ვაქცინა.

მსგავსი თემები