ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი, ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლიანად ჩაეხსნება „ქართულ ოცნებას“ და არავისთან კომუნიკაცია არ ექნება. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
„ალბათ, რამდენიმე ადამიანთან დაიტოვებს კავშირს და ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დარწმუნებული ვარ, მას შეუთანხმებენ. ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. კარგად ვიცით, რომ რამდენიმე ფრაქცია და დაჯგუფებაა. ვინც გაიმარჯვებს, მათთან ექნება კონტაქტი. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს დაპირისპირება ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, ამაში დარწმუნებული ვარ.
„ქართული ოცნების“ დიდი მკვლევარი არ ვარ, ყველა ვხედავთ, რომ გახარიასა და კალაძე-კობახიძის ფრთას შორის დაპირისპირება აქამდეც იყო, თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძეს აქვს ამბიცია პრემიერი იყოს. შესაბამისად, გახარიას და კალაძის დაპირისპირება იქნება და კალაძეს წარმოადგენს პარტიაში კობახიძე. დაჭამენ ერთმანეთს!“, – განაცხადა ელისაშვილმა.