საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტში დღეს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან

საკანონმდებლო ორგანოში დღეს მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება. სესიაზე დაჩქარებული წესით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან. მანამდე კი იგივე საკითხს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

ოპოზიცია ინიციატივას მხარს არ უჭერს. “ნაციონალური მოძრაობა” კი, საკუთარი, ალტერნატიული წინადადების დარეგისტრირებას გეგმავს.

“დღეს მეორე მოსმენით იქნება განხილული კანონპროექტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა და რომელსაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, ვინაიდან არის განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ცვლილებები. დღესვე კომიტეტზე იქნება განხილული ჩვენს მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადებები. ეს ეხება ხმის მიცემის ფარულობას, ასევე ძალადობისა და ზემოქმედებების აღკვეთას, საარჩევნო უბნების დაცვას,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობა კი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენით დღესვე დამტკიცდეს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებულია.

მსგავსი თემები