„ზამთრის დაწყებასთან ერთად, ისევ უნდა შემოგვიტიოს მძლავრად, ვიდრე ზაფხულის პერიოდში“ – ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან

  •  

რა ეტაპზეა კორონავირუსი? არსებობს თუ არა  ისევ საფრთხე? ახდენს თუ არა გავლენას ტემპერატურის ცვლილება ვირუსზე? როდის დაიწყება მეორე ტალღა? რას უნდა ველოდეთ შემოდგომა-ზამთავრში? მოგვისწრებს თუ არა აცრები?  – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი პაატა იმნაძე ესაუბრა.

,,მედიაცენტრი მთავარი:’’ ბატონო პაატა,  შეგვიფასეთ, რა ეტაპზეა დღეს კორონავირუსი“ – მიდის, შეჩერებულია,  პლატოზეა თუ სად?

პაატა იმნაძე: არც თუ ისე მარტივი შესაფასებელია. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ვართ ვირუსთან თანაცხოვრების დაწყების ეტაპზე, ვირუსი არ გამქრალა, ის არის ჩვენს ახლომახლო. სახელმწიფო რეგულაციების დროც ნელ-ნელა გადის და იწყება ადამიანების პირადი ცხოვრების წესის ცვლილების დრო, ყველაფერი ჩვენს  შეგნებაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებაზე. ჩვენ თვითონ უნდა შევიზღუდოთ საკუთარი თავი.

,,მედიაცენტრი მთავარი’’: გადაიარა თუ არა ძირითადმა საფრთხემ?

პაატა იმნაძე: ამ ეტაპზე კი, გადაიარა, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ წესებს – გამორიცხული არაფერია.

,,მედიაცენტრი მთავარი:’’ ამ მოკლე პერიოდმა რა გვაჩვენა, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ვირის ახასიათებს სეზონურობა?

პაატა იმნაძე: სეზონურობასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით. მოგეხსენებათ, ბრაზილიის მაგალითი. მაგრამ, წინა პანდემიის გამოცდილებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი არ გაჩერდება და იქნება სულ. ალბათ, ზამთრის დაწყებასთან ერთად, ისევ უნდა შემოგვიტიოს მძლავრად, ვიდრე ზაფხულის პერიოდში.

,,მედიაცენტრი მთავარი:’’ ახდენს თუ არა ტემპერატურა გავლენას ვირუსზე?

პაატა იმნაძე: ტემპერატურა გავლენას მოახდენს ვირუსზე ზაფხულში, მზის პირდაპირი სხივები უშუალოდ მოქმედებს მასზე. სიცხეში ოთახის განიავების საშუალება მეტია და ზედაპირებიდან გადადების შანსიც ნაკლებია. თუმცა, უშუალოდ ადამიანიდან ადამიანზე გადადების ალბათობა ერთნაირი იქნება ზაფხულშიც და ზამთარშიც.თუადამიანს ესაუბრები და ნიღაბი არც იმას უკეთია და არც შენ, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეა. 

,,მედიაცენტრი მთავარი:’’ ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით როგორია თქვენი პროგნოზი? სავარაუდოდ როდის დაიწყება?

პაატა იმნაძე: ეს ვირუსი იქნება. ალბათ უფრო ნაკლები იქნება ზაფხულში, თუ ყველა წესებს დავიცავთ და ისეთ შედეგებს არ გამოიწვევს, როგორც სხვა ქვეყნებში იყო. ვირუსის მეორე ტალრა დაიწყება შემოდგომის ბოლოს, როცა აცივდება. უფრო ზუსტად, ნოემბრიდან ველოდებით მეორე ტალღას, როცა საქართველოში იწყება გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი. ზოგადად, კორონავირუსი სულ იქნება, მაგრამ, გაცილებით ნაკლები იქნება ზაფხულში, რადგან ზაფხულში მარტივია თავის დაცვა. ადამიანებმა უკვე ისწავლეს მასთან თანაცხოვრება.  

,,მედიაცენტრი მთავარი:’’ თქვენი შეფასებით სასწავლო პროცესი  განახლდება  სექტემბერში?

პაატა იმნაძე: სკოლები, სავარაუდოდ, განახლდება სექტემბერში, თუმცა,  შესაბამისი წესების  დაცვით.

„მედიაცენტრი მთავარი:“ სწავლის განახლება ხომ დახურულ სივრცეში ბევშვების ერთად ყოფნს გულისხმობს?

პაატა იმნაძე: ასე, თუმცა, სექტემბრის პერიოდში ფანჯრები ღიაა და ნოავდება ოთახები. სიციის დადგომასთან ერთად, ფანჯრები როცა დაიხურება, საფრთხე სწორედ მაშინ იმატებს.  როგორც წესი, ბავშვები ძალიან ადვილად იტანენ ვირუსს, მათთან მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა დაზუსტებით თქმა ძნელია. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე გამოვლინდა ბავშვებში რთული შემთხვევებიც. ჩვენ იმდენი დაავადებული ბავშვი არ გვყოლია, რომ ამ მხრივ, გარკვეული დიდი გამოდილება დაგროვილიყო. ზოგადად, ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიდის, თუმცა, სადაც ბევრი ბავშვეი გახდა ავად, იმ ქვეყნებში აღწერილია ეს ვირუსი, როგორც ბავშვებში მძიმედ მიმდინარე.

,,მედიაცენტრი მთავარი’’: ზამთარში, ბუნებრივია,  დაიწყება სხვა, გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელებაც. ეს ვირუსები „კორონავირუსთან“ ერთად იქნება თუ არა გაორმაგებული საფრთხე?

პაატა იმნაძე: სწორედ აქ იწყება პრობლემა. დიახ, იქნება. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გადაიტვირთება სამედიცინო სექტორი. რატომ დაიღუპა ამდენი ადამიანი იტალიაში, საფრანგეთში  ან ამერიკაში?!  – იმიტომ რომ, სამედიცინო სექტორმა ვერ შეძლო თავის გართმევა. ჩვენ კი, მომზადებულები შევხვდით ვირუსს და ქვეყანაში თითოეული დაავადებული ადამიანის მდგომარეობაზე ვიყავით ორიენტირებულნი. ჩვენთან სწორედ იმიტომ იყო ცოტა ლეტალობა, რომ თითოეულ ავადმყოფეზე გადაყოლილები იყვნენ. სამედიცინო დაწესებულებების გადავსებულობასწორედ ეს  არის საფრთხე ზამთარში. ამიტომ, კარგად უნდა მოვემზადოთ და სისტემაც უნდა გადაეწყოს ამ რეჟიმზე, რომ ძლიერ დარტყმას გავუძლოთ.

,,მედიაცენტრი მთავარი:’’  გრიპის ვაქცინებზეც გკითხვათ,  როდიდან დაიწყება აცრა, სავარაუდოდ, მოთხოვნაც დიდი იქნება…

პაატა იმნაძე: გრიპის ვაქცინა ყოველი სეზონისთვის ახალი მზადდება. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში იქნება შემოტანილი. ეს აცრები რისკის ჯგუფებისთვის აუცილებელი იქნება. ამისთვის უკვე ვემზადებით. ძალით არავინ აპირებს არავის აცრას, რადგანაც მთელ მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტი იქნება. სავალდებულო არაფერი იქნება. კიდევ გეტყვით, რომ სავალდებულო კი არა დეფიციტი იქნება.

„მედიაცენტრი მთავარი“:  რისკის ჯგუფები კიდევ ერთხელ განვმარტოთ, ვისთვისაც გრიპის ვაქცინა უფასო იქნება…

პაატა იმნაძე: როგორც იყო სახელმწიფო პროგრამა, ანალოგიურად გაგრძელდება. ორსულები აუცილებლად, ასაკოვნები, ბავშვები, სამედიცნო პერსონალი, ყველა ის ჯგუფი, რომლებიც რისკის კატეგორიას მიეკუთვნებიან.

„მედიაცენტრი მთავარი:“ შესაბამისად, აცრებზე მოთხოვნაც გაიზრდება?

პაატა იმნაძე: რა თქმა უნდა. სწორედ ამისთვის ვემზადებით, რომ უფრო მეტი ვაქცინა შემოვიტანოთ, ვიდრე წელს გვქონდა.  

,,მედიაცენტრი მთავარი:’’ ,,COVID 19ის ვაქცინაზე თუ არის საუბარი? და როცა შემოვა, იქნება თუ არა სავალდებულო , ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ…  

პაატა იმნაძე: ბევრი ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს. ვნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება შექმნილი ვაქცინა. აცრა, რა თქმა უნდა, სავალდებულო არ იქნება, ახალი ვაქცინა ჯერ გამომშვებ ქვეყნებში გაივლის აპრობაციას და შემდეგ უკვე ჩვენც გვექნება მისი შემოტანის შესაძლებლობა. ეს ვაქცინა ჯერ არ არსებობს და რატომ ეშინიათ ვერ გავიგე. სავალდებულო კი არა, ნეტა ვისთვისაც საჭიროა იმას შეხვდეს. რომელ სავალდებულოობაზეა საუბარი? როგორ წარმოგიდგენიათ, დედამიწაზე რამდენი ადამიანი ცხოვრობს, როცა ვაქცინებს გამოუშვებენ ის ყველასთვის იქნება ხელმისწავდომი? ჯერ ხომ იმ ქვეყნებში იქნება, ვინც თავად გამოუშვებს. მარტივია, ჯერ ხომ სხვას არ მისცემენ და მერე დაიტოვებენ თავიანთთვის? ჯერ თავის მოსახლეობას დააკმაყოფილებენ. ჯერ არც შექმნია, როცა შეიქმნებ, რეალისტები უნდა ვიყოთ, ჯერ თავიანთთვის ექნებათ და მერე სხვისთვის.    

,,მედიაცენტრი მთავარი’’ : საბოლოო ჯამში როდის შეიძლება ველოდოთ კორონავირუსისგან სრულიად გათავისუფლებას?

პაატა იმნაძე: ერთი წელი ნამდვილად არა, შეიძლება ცოტა მეტიც. ამასობაში, რა თქმა უნდა, ვაქცინაც იქნება. ასევე, ალბათ,  რაიმე ეფექტიანი  ანტივირუსული პრეპარატიც შეიქმნება. თუმცა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება.

,,მედიაცენტრი მთავარი’’: ტურისტული მიმოსვლის გახსნასთან დაკავშირებით, რა რისკებს ხედავთ ?

პაატა იმნაძე: რისკები იქნება აბსოლუტურად მართვადი. კარგი გამოცდილება გვაქვს. კარანტინებმა კარგად იმოქმედა. ტურისტები შემოვლენ უსაფრთხო ქვეყნებიდან და ყველას ექნება ცნობა, რომ გადატანილი აქვს ან ტესტი აქვს ჩატარებული. ეს ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებში. იქნება უსაფრთხო ქვეყნები, სადიანაც შემოვლენ.

„მედიაცენტრი მთავარი:“  გასაგებია, რომ შემოვლენ უაფრთხო ქვეყნებიდან, თუმცა, ზოგი ტრანზიტულად შემოვა, ზოგს სხვა საერთაშორისო მგზავრთან ექნება ურთიერთობა, აქ, ქვეყანაში ვირუსის შემოტანის რისკებს ვერ ხედავთ?

პაატა იმნაძე: ყველას უნდა ჰქონდეს ცნობა, სხვანაირად არ გამოვა. მათთვის, ბუნებრივია, კარანტინის რეჟიმი არ იქნება საჭირო.

„მედიაცენტრი მთავარი’’ – ყველაფერი იხსნება ნელ-ნელა, თუმცა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები ჯერ არ გახსნილა,  ხალხი კი სეზონური ტანსაცმელის უქონლობას განიცდის, რას იტყვით ამის შესახებ?

პაატა იმნაძე:  მარტივად ავხსნი, მაგალითად, ნათურას, სამშენებლო მასალებს ან სხვა რამეს რომ ვყიდულობთ, მას გასინჯვა ხომ არ სჭირდება, ხომ არ ვირგებთ საკუთარ თავზე, ხომ არ ვიზომავთ? სწორედ ეს არის რისკი. ტანსაცმლის  ონლაინ გაყიდვების სერვისი ფუნქციონირებს.  რაც შეეხება მაღაზიების გახსნას, რისკი – რომ ავიღოთ სამშენებლო მასალების მაღაზია და ტანსაცმლის და ფეხსაცმელის მაღაზია,  რა თქმა უნდა აქ უფრო დიდია, რადგან ტანსაცმლის მაღაზიაში ადამიანებს უწევთ გაზომვა, სწორედ ამიტომ ყველაფერი ეტაპობრივად გაიხსნება. რისკი სად უფრო მეტია, გაიხადო, მოისინჯი, შეხვიდე გამოსაცვლელ ოთახში?… ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ხომ უნდა მოისინჯო, ეს არის რისკი.    

,,მედიაცენტრი მთავარი’’ –  ოთახის ჩუსტები გააქვთ?

პაატა იმნაძე: რაა? დიახ მაქვს, სეზონური ტანსაცმელიც მაქვს, მე ყოველ წელს და ყოველ სეზონზე ახალს არ ვყიდულობ. მასურებიც მაქვს შარშანდელი. ამ ეტაპზე, ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ჰიგიენური საშუალებების ყიდვა, ვიდრე ტანსაცმლის. ყველაფერი გაიხსნება ეტაპობრივად.

,,მედიაცენტრი მთავარი’’: როგორი იქნება ზღვის სეზონი და იქნება თუ არა შეზღუდვები ზღავაზე, ტბაზე, მდინარეზე?

პაატა იმნაძე: ზღვაში ძირითადად ადამიანები ერთმანეთს არ ეხუტებიან. როცა ცურავ, ხელი ხომ უნდა იქნიო, შესაბამისად, ახლო-მახლო არავინ იქნება იმ დისტანციაზე, რომ ვურისი გადმოგდოს.  „პლაჟზე“ კი  იქნება შეზღუდვები. მოსახლეობას ვურჩევ წყლის ჩაყლაპვას მოერიდონ. ეს ისედაც არ არის სასურველი, თუმცა,  სავარაუდოდ, წყლის გზით არ ვრცელდება. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს „პლაჟი“. ნიღაბი არ იქნება სავალდებულო, რადგან დისტანცია უნდა  დავიცვათ ერთმანეთისგან, 2 მეტრი მაინც. ასევე დაცული იქნება წესები საზღვაო კაფეებშიც და ბარებშიც.

,,მედიაცენტრი მთავარი:’’ ჯანმოსგან ახალი რეკომენდაციები საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, უკვე მიიღეთ თუ ელოდებით?

პაატა იმნაძე: საზღვაო სეზონთან დაკავშირებულ  რეკომენდაციებს ჩვენ ვამზადებთ და საზოგადოება მალე გაეცნობა.

„მედიაცენტრი მთავარი:“  გსმენიათ სოციალურ ქსელში კამპანიის შესახებ რომ პაატა იმნაძე უნდა იყოს ჯანმო-ს ხელმძღვანელი?

პაატა იმნაძე: ჰა ჰააა…. სხვა კორონავირუსის პანდემია როცა იყო, ჯანმო-ში, მისი კომიტეტის წევრი დღესაც ვარ. ჯანმო-ში გადაწყვეტილებებს ხელმძღვანელი არ იღებს. გადაწყვეტილებას სწორედ კომიტეტები ირებენ. კორონავირუსი „მერსი“ ხომ გაგიგიათ, სწორედ ამ კომიტეტის წევრი ვარ დღემდე. 

,,მედიაცენტრ მთავარი’’: თქვენი აზრი ჯანმო-ს საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით, როგორ უყურებთ ამ თემას?

პაატა იმნაძე: ჯანმო-ში გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა ასეთია: გენერალური მდივანი თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას, შექმნილია სპეციალური კომიტეტები, მოწვეული არიან ყველა რეგიონიდან  წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავენ ყველა დეტალს და ისინი იღებენ რეკომენდაციას, შემდეგ კი ჯანმოს გენერალურ მდივანს აწვდიან.

,,მედიაცენტრი მთავარი’’ – უსაფუძვლოს მიიჩნევთ გამოძიებას ჯანმოს-თან მიმართებაში?

პაატა იმნაძე: არ მგონია, რომ ინფორმაცია დაემალათ. გარდა ამისა, არც ერთ ქვეყანას არავინ უშლის თავად გააკეთოს ის, რასაც საჭიროდ თვლის. ჩვენ თუ გავაკეთეთ, სხვებსაც შეეძლოთ გაეკეთებინათ.

ესაუბრა ეკა გულუა

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები