პოლიციამ ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობა გახსნილია, ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 მაისს, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი კინოთეატრის შენობაში, თავის ნაცნობს – 1966 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ბ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები