ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზ.ფ.-ს დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.
„ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ. გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ. დღეს მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დღესვე, თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ვ.ბ.-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
საგამოძიებო უწყებამ ვარკეთილში, „დამპალოს“ სასაფლაოზე მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე 5 იანვარს დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 7 იანვარს შეუფარდა.
რაც შეეხება მეორე დაკავებულ ვ.ბ-ს, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.