“ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ აკმაყოფილებს” – ჩოლოიანის ადვოკატი

  •  

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ურთიერთშეთავსებადი და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

„ფაქტობრივად, ემყარება ერთ ჩვენებას და საქმეში წარმოდგენილია კანონიერი წარმომადგენლის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელიც თვითონვე აფიქსირებს, რომ რაიმე სახის იძულებითი ქმედება არ განხორციელებულა; არასრულწლოვნებს, სხვა პირებს არ ჰქონიათ შემხებლობა პოლიციის განყოფილებაში, ისინი ისხდნენ განცალკევებით და მოშორებით. ეს ინფორმაცია მითითებულია კანონიერი წარმომადგენლის ჩვენებაში. ასევე, ის უთითებს, რომ მას განემარტა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიერ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ძირითადი უფლება-მოვალეობა“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარის მასალებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიმართა „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ და მათი დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბრალდების მხარეს, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს საგამოძიებო ორგანო, ჰქონდა უფლებამოსილება, დისკრეციულ ფარგლებში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ არ ყოფილიყო გამოყენებული ისეთი ღონისძიება, როგორიც არის გამოძიების დაწყება. სწორედ ამიტომაც, მარიანა ჩოლოიანი და დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილება ცდილობდა, ამ ფორმატს არ მისცემოდა გამოძიების სახე, თუმცა საქმეში წარმოდგენილია, როგორც აღნიშნული სკოლის დირექტორის, ასევე, მენეჯერის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის მასწავლებლების ჩვენებები, რომლებიც ცალსახად აფიქსირებენ იმ ზიანს, რა ზიანიც მიადგათ და ითხოვდნენ აღნიშნული ზიანის ანაზღაურებას. საგამოძიებო ორგანოს თვითონ სკოლამ მიაწოდა ინფორმაცია და ესეც ასევე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით, რომ მათ დაადგინეს, თუ რომელმა პიროვნებამ, რომელმა არასრულწლოვანმა განახორციელა ან ჰქონდა კავშირი კედლებისა, თუ დაფის დაზიანებასთან დაკავშირებით. შესაბამისი მონაცემები, ვინც ინფორმაციას ფლობდა ამ კუთხით, მათ შორის ფეისბუქ მიმოწერების სახით, სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო და წარუდგინა ჯერ კიდევ პოლიციის განყოფილებაში მისულ თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ, გარკვეულიყვნენ ვითარებაში“,- განაცხადა ადვოკატმა.

მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში უნდა გაიმართოს. მას ბრალი ოფიციალურად დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  ბრალი კავკასიის მედიცინის ცენტრში წარუდგინეს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

მსგავსი თემები