ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს, ჩანაცვლება არ მოხდება – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის ფორმატის ჩანაცვლება არ მოხდება.

მისი თქმით, ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა სხვა თემაა, რამდენად ეფექტურია ის.

„ფორმატი რჩება უცვლელი. იქ პერსონალიების ცვლილება მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემადგენლობაა, ჩვენ პირველი რაუნდი უკვე ოქტომბერში ჩავატარეთ ახალი შემადგენლობით. ვფიქრობ, ჟენევის ფორმატს ალტერნატივა არ აქვს, სხვა თემაა რამდენად ეფექტურია, რამდენად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც არის და რასაც ეფუძნება ჟენევის მოლაპარაკებები, ამ ამოცანებს. მაგრამ მინდა ყველამ მკაფიოდ იცოდეს, რომ ჟენევის ფორმატს ჩვენ ვერ განვიხილავთ იზოლირებულად და მოწყვეტილად იმ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ჟენევას აქვს შეუსრულებელი მისია. ის ვალდებულებები, რომელიც რუსეთის ფედერაციას აკისრია – ძალის არ გამოყენების კუთხით, ცეცხლის შეწყვეტის და ჯარების გაყვანის კუთხით, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თვალსაზრისით, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის დაფუძნების კუთხით, ეს არის შეუსრულებელი. ამიტომ, ამ ფორმატის მაქსიმალურად გამოყენება უნდა მოხდეს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი თემები