“ლავროვთან შეხვედრა, დროული, აუცილებელი და საჭირო იყო” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მოტივი, საქართველოში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი იყო.

დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ეს დროული და აუცილებელი შეხვედრა იყო.

„ეს პროცესი დაიწყო აგვისტოს დასაწყისში და განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობდა, როგორც გუგუტიანთკარში, ისე სოფელ ჩორჩანასა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან მკაფიოდ  განვაცხადო, როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, აუცილებელი და საჭირო“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ნიუ იორკში ყველა ორმხრივ შეხვედრაზე, მათ შორის შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან  შეხვედრაზე, გამოითქვა ინიციატივა, რომ გაერო-ში, სადაც ყველა ყველას ესაუბრება, შემდგარიყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა.

„მაგალითად მოყვანილი იყო ყარაბაღის თემა, რომლის შესახებაც, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, არის საუბარი მინისტრების, პრეზიდენტების, პრემიერების დონეზე. სხვა მაგალითებიც დასახელდა, იგივე სერბეთის თემის გარშემო დისკუსიები. ითქვა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ თემები, რომლებსაც ვაყენებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, იყოს პირდაპირ ნათქვამი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, – განმარტა დავით ზალკალიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

„მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უსმენენ.

მსგავსი თემები