უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე არ აღიარებს. სამღვდელოების განცხადებით, სინოდს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია და მსჯელობას საჭიროებს.
საპატრიარქოს წამომადგენლები თავშეკავების მიზეზად აცხადებენ, რომ ეს არაა მარტივად გადასაწყვეტი საკითხი და დრო სჭირდება, ისევე როგორც დრო დასჭირდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას სხვა ქვეყნების მხრიდან.
მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტის მეუფე ანანიას განცხადებით, ის მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ საკითხზე, სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ესაა პროცესი, რომელიც გრძელდება. ერთ დღეში ეს ვერ გადაწყდება. ჩვენ ხომ რუსებმა წაგვართვეს ავტოკეფალია, მარტო აღდგენას თითქმის 2 საუკუნე დასჭირდა. ესაა ისტორიული დიდი პროცესი, რომელიც შეიძლება ათეული წლები გაგრძელდეს. მთავარია, რომ უკრაინამ და ხალხმა ეს მოისურვა,”- განაცხადა მეუფე ანანიამ.
თეოლოგების ვარაუდით, ამ თავშეკავების მიზეზი შესაძლოა საფრთხეა, რომელიც რუსეთის ეკლესიისგან მომდინარეობს.
როდის გაიმართება სინოდის სხდომა საპატრიარქოში უცნობია.