ვინ ძაბავს ვითარებას ადიგენში და ვინ აღვივებს რელიგიურ შუღლს

ტარიელ ნაკაიძეს ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებენ.

ადიგენის ცენტრში სიმშვიდეა. მოსახლეობა, რომელიც ადგილზე დილიდან იყო შეკრებილი, უკვე დაიშალა. ტერიტორია დატოვეს სამართალდამცველებმაც. ადგილობრივები სულეიმანჯების თემის ლიდერის, მერაბ მიქელაძის სახლში სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. თავად მიქელაძემ დღესაც უარი თქვა სახელმწიფოს შეთავაზებაზე.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი, რელიგიის სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებს.

მათი განცხადებით, ნაკაიძე ბოლოდროინდელი საჯარო მოწოდებებით, რელიგიურ ნიადაგზე ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.

თავად ნაკაიძემ დაადასტურა, რომ სრულად არის ჩართული ამ პროცესებში და უფრო მეტიც, იზიარებს მერაბ მიქელაძისა და მისი თანამოაზრეების პოზიციებს:

“მე ვარ ამ ხალხის წარმომადგენელი, ამ ყველაფერს ვესწრებოდი და ყოველთვის დავესწრები, რადგანაც მე პარლამენტში ამ ხალხის ხმა ვარ. ამ ადამიანებს მე არავის არ დავაჩაგვრინებ, მათ უკანონოდ ვერავინ მოექცევა. დეპუტატის ვალდებულებაა ის, რომ უსამართლობას შესაბამისი პასუხი გავცეთ, რასაც ვაკეთებ. მე მივყვები ადგილობრივი მუსლიმების აზრს, ისინი თანახმა არიან იმ სოფელში გადასვლაზე, რომელზეც იყო საუბარი იმ პირობებით, რა პირობებითაც იყო, თუ სახელმწიფო ამას შეასრულებს, მე მას მხარს დავუჭერ,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ყოფილი თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

მსგავსი თემები