„ჩვენ ვენდობით პილოტებს, თუმცა, მათ დამატებით მესამე პირი შეამოწმებს“ – პარაპლანით ფრენის წესები იცვლება

პარაპლანით ფრენის პილოტებს გამოცდების ჩაბარება სხვადასხვა კომისიასთან მოუწევს. პარალელურად, მათ დაუგეგმავადაც შეამოწმებენ. როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე მედიცენტრ მთავართან აცხადებს,  ვინ ჩააბარებს გამოცდას და რამდენი პილოტი დარჩება ბაზარზე, ეს გამოცდების შემდეგ გაირკვევა.

„დღემდე მაკონტროლებელი არ არსებობდა. ახალი წესის თანახმად, ისეთ ლოკაციებზე, რომელიც მოიაზრება კომერციული ფრენებისთვის, საკმაოდ ნათლად არის გაწერილი ის ინსტრუქციები, რომელსაც უნდა დაემორჩილონ პილოტები. ჩვენ ვენდობით პილოტებს, თუმცა, ამავდროულად, შემოდის დამატებითი მესამე პირი, რომელიც ამ ყველაფერს თვალს ადევნებს და ამოწმებს. ეს მესამე პირი არის ოპერატორი, რომელიც ადგილზე მუშაობს.

ფედერაციას და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ორივეს დამატებით აქვთ კონტროლისა და შემოწმების უფლებამოსილება. ფედერაციას აქვს უფლებამოსილება, ავიდეს ლოკაციაზე და შეამოწმოს ნებისმიერ დროს. წლის განმავლობაში 2 გეგმიური და ორი არაგეგმიური შემოწმება ევალება ფედერაციას. მოსამზადებელი პერიოდის დასრულების შემდეგ გვეცოდინება, ვთქვათ, 200 პილოტიდან 30 ყველა გამოცდა ჩააბარა და ამ 30-დამ 25-ს აქვს გამართული საფრენი აღჭურვილობა თუ რა ხდება. ამ გამოცდას აბარებენ სპეციალურ კომისიას, სულ იქნება 4 კომისია. გამოცდას ერთი ჩაატარებს, ადგილებს მეორე შეაფასებს, საფრენ აპარატებს მესამე შეამოწმებს და ასე შემდეგ“ – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ მედიაცენტრ მთავართან.“   

 

 

 

 

 

მსგავსი თემები