„დღეს მე ვიყავი იღბლიანი, საბერძნეთს ან ყაზახეთს კი კვარამ მიხედოს“ – ბუდუ ზივზივაძე

ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ კომენტარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა. მისი მეშვეობით საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა.

„ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში იყო, აუცილებლად უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენი მაყურებლის წინაშე ვთამაშობდით. იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს ალბათ, უფრო ემოციის ბრალი იყო და ფინალში გამოვასწორებთ, მწვრთნელიც გვეტყვის თუ რა იყო შეცდომები. დღეს მე ვიყავი იღბლიანი, რომ გოლები გავიტანე. საბერძნეთს კი, კვარამ მიხედოს.

ორ გოლს არ ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს გავიტანდი. უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ალბათ, მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, მამაჩემისთვის რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი. დღეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ,“ – აღნიშნა ბუდუმ.

მსგავსი თემები