არ მინდა დავით არახამიასთან პოლემიკაში შესვლა, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო – კახა კალაძე

ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა. განცხადების მიხედვით, ის საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტას სთხოვს.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ის არ აპირებს არახამიასთან პოლემიკაში შესვლას, უკრაინას კი მშვიდობას უსურვებს.

„ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან. ამას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით, მაგალითად, ავიღოთ საერთაშორისო პლატფორმები, შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენჯერ გამოვხატეთ თანადგომა, გავგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება. საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და სამომავლოდაც შენარჩუნდება. რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, იქნება ეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება თუ სხვა.

„რაც შეეხება ფრენების შეწყვეტასა და სანქციების მიერთებას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, ვერ და არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მიხეილ სააკაშვილი კი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებში, მას მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხის გება“, – განმარტა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები