ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა – დეკანოზი მამალაძე

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი მამალაძე პირველ საჯარო წერილს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი საპყრობილეში ყოფნის დროს ღია მხარდაჭერას გამოხატავდა.

წერილის დასასრულს მამალაძე წერს, რომ მას საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების სანაცვლოდ არ დაუტოვებია და მისი გათავისუფლების მიზეზი მხოლოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ის ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი ჯანმრთელობის აღდგენაა.

,,მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე – არა სანახაობა, არამედ – სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: “არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს”, – წერს მამალაძე.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მას ე.წ. ციანიდის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და “ციანიდის” გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

მსგავსი თემები