თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობასთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Wizz Air-ის თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

„ავიაკომპანია „Wizz Air”-ის 14 თებერვლის, ქუთაისი – ბარსელონას რეისზე (W66417) ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამისა“ და „კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდათ შესაბამის უწყებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გატარდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს გათვალისწინებული ყველა საპასუხო მოქმედება.

განხორციელდა ყველა შესაბამისი ქმედება საჰაერო ხომალდის, მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, გარშემო მყოფი პირებისა თუ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დატოვებამდე დასრულებული განაღმვითი სამუშაოების ფარგლებში, ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ იქნა აღმოჩენილი. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ინფორმაცია მიეწოდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO).

დამატებით განვმარტავთ, რომ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდსა და სამოქალაქო ავიაციის სხვა სუბიექტებს, კვალიფიცირდება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით”-  აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები