„ვაფრთხილებთ სასამართლოს, დავიწყებთ საპროტესტო აქციებს” – მშენებლობით დაზარალებულები

ადგილობრივები ზაქარიაძის 10-ში, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობის სახელით ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” განცხადება გააკეთეს.  მათი თქმით, ერთი წელია სასამართლოში სარჩელი წარმოებაშია მიღებული და დღემდე მოსამზადებელი სხდომაც კი არ არის დანიშნული.

დაზარალებულები საპროტესტო აქციებს აანონსებენ:

„ჩვენი მიზანია გავაფრთხილოთ ხელისუფლება, გავაფრთხილოთ სასამართლო. თუ კვლავ გაგრძელდება იმგვარი დამოკიდებულება, რომლითაც დღემდე გრძელდება ძალიან პრობლემატური მშენებლობა, ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო აქციებს. ხოლო სასამართლოს მიმართ გაფრთხილება არის იმგვარი, რომ ერთი წელია სარჩელი წარმოებაშია მიღებული და დღემდე მოსამზადებელი სხდომაც კი არ არის დანიშნული. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველა მტკიცებულება გვაქვს წარდგენილი სასამართლოსთვის, რომ მას გამოეყენებინა ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები და მინიმუმ დროებით მაინც შეეჩერებინა ეს მშენებლობა, რათა მომხდარიყო საქმეების არსებითი გარემოებების გამოკვლევა და მოსახლეობისთვის, საქართველოს კონკრეტული მოქალაქეებისთვის პრობლემებისგან თავის არიდების თვალსაზრისით სერიოზული პრევენცია გაეკეთებინა.

ამიტომ, თუ სასამართლო კვლავ გააგრძელებს იმგვარ დამოკიდებულებას, ვგულისხმობ თბილისის საქალაქო სასამართლოს და აპელაციას, სადაც ჩვენ შეჩერების თაობაზე უარი განჩინებებით გავასაჩივრეთ, სასამართლოს მიმართაც კანონით დადგენილ საპროტესტო აქციებს განვახორციელებთ” – განაცხადა ცათამბჯენების მშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის ადვოკატმა თემურ გოქსაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები