ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა, ქვეყნებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხები უკრაინის ბიუჯეტისთვის გადაეცათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა, ქვეყნებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხები უკრაინის ბიუჯეტისთვის გადაეცათ.

მისი თქმით, უკრაინა თავად გადაანაწილებდა ამ თანხებს მოქალაქეებს შორის და ამგვარად, ეს ფული უკრაინის ეკონომიკას დაეხმარებოდა.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან მხოლოდ გერმანიაში 200 ათასამდე სამხედრო ასაკის მამაკაცი გაემგზავრა და ჰკითხა, უნდა განიხილოს თუ არა გერმანიის მთავრობამ ასეთი მამაკაცებისთვის სოციალური დახმარების შემცირება, რათა დაზოგული თანხით მათ მხარი დაუჭირონ უკრაინას.

„მთავრობას თუ სურს, უკრაინელების დახმარება, არის ასეთი მომენტი – მაგალითად, რომელიმე ადამიანი გავიდა საზღვარგარეთ და იღებს მხარდაჭერას გერმანიიდან. ჩვენ მადლობლები ვართ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხარს უჭერთ, თუმცა ხდება ისეც, რომ ეს ადამიანი იღებს მხარდაჭერას თქვენგანაც და ჩვენგანაც. ასე ხდება ხოლმე. ახლა არ ვსაუბრობ გერმანიაში ჩვენს უკრაინელებზე, განზოგადებულად ვსაუბრობ. ამიტომ ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, გერმანიას მხარი დაეჭირა უკრაინელებისთვის უკრაინის ბიუჯეტში ფულის მიცემით, შემდეგ კი უკრაინა უკვე გადაანაწილებდა ამ ფულს იმის მიხედვით, სად იმყოფება ეს ადამიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით,  უკრაინის ფულის ნაწილი დარჩა ევროპაში, რადგან მოქალაქეები ომს როცა გაურბოდნენ, მათ ქვეყნიდან თანხები გაიტანეს.

„საბოლოოდ, ჩვენი ფული გავიდა, ევროპული ფული კი დარჩა იქ, სადაც უკრაინის მოქალაქეები დარჩნენ, უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ მაქვს. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ ამისთვის ყურადღება მიგვექცია. მსოფლიო უკრაინელების ფინანსურ მხარდაჭერაზე როცა საუბრობს, მინდა, აღვნიშნო, სად რჩება ამ ფულის უმეტესობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები