ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე – პაველ ჰერჩინსკი

 ვიმედოვნებ, პროგრესი ძალიან სწრაფად იქნება მიღწეული, რათა ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რაც ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით,  კანდიდატის სტატუსი იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება.

„ევროკომისიამ დაადგინა ცხრა ნაბიჯი და ამას დათანხმდა 27 წევრი სახელმწიფო დეკემბერში. ისტორიულ ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ახლა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო. ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, მუშაობა დაჩქარდება, იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და საქართველო იქნება მიღებული. გულწრფელად ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ შემდეგ ეტაპზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იქნება დამოკიდებული, თუ რა პროგრესი იქნება მიღწეული ცხრა ნაბიჯის შესრულებაში. ცხრა ნაბიჯზე შეთანხმებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა. ჯერ ძალიან ადრეა პროგრესზე სასაუბროდ. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, პროგრესი ძალიან სწრაფად იქნება მიღწეული, რათა ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რაც ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები