მასშტაბური გამოსვლები ბაშკირეთში – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

რუსეთში შემავალ ბაშკირეთის რესპუბლიკაში, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც გარემოსდამცველი აქტივისტისთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბაიამაკის სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ადამიანები ბაშკირელი აქტივისტისთვის, ფაილ ალსინოვის და ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებული ყველა აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს მანქანისთვის, რომლითაც მსჯავრდებული გადაჰყავდათ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

The Moscow Times-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის ადგილას სამართალდამცველები მიიყვანა და აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დარბევა დაიწყო. აქციის დაშლის მცდელობა კი ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაკავებული, არიან დაშავებულებიც.

ფაილ ალსინოვი ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს 2023 წლის აპრილში ოქროს მოპოვების წინააღმდეგ მიტინგზე სიტყვით გამოსვლის გამო.  დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი თემები