ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერს დაარტყა

ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერს დაარტყა. ხომალდ Chem Pluto-ზე დარტყმა ინდოეთის სანაპიროდან დაახლოებით 370 კილომეტრში განხორციელდა, რის შედეგადაც მასზე ხანძარი გაჩნდა და ტანკერს კონსტრუქციული დაზიანება მიადგა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პენტაგონის ცნობით, ეს “ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი, იაპონიის კუთვნილი და ნიდერლანდებში მოქმედი ქიმიური ტანკერი” იყო. საზღვაო უსაფრთხოების კომპანიამ კი განაცხადა, რომ გემი დაკავშირებული იყო ისრაელთან და საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიემართებოდა.

ასევე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან სამხრეთ წითელ ზღვაში, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის ზოლებში ხომალდსაწინააღმდეგო 2 ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არცერთი გემი არ დაზიანებულა.

ჰუსიტები, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ისრაელთან დაკავშირებული გემები წარმოადგენს, რისი მიზეზიც ღაზაში მიმდინარე ომია. თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, ბევრმა გლობალურმა გადამზიდავმა წითელ ზღვაში ოპერაციები შეაჩერა. აშშ-მა კი, პარტნიორებთან ერთად, მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

მსგავსი თემები