ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია, რომ არა 8 მარტის გამოსვლები, ალბათ ცოტა დაფიქრდებოდნენ, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ – პრეზიდენტი ახალგაზრდებს

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა ისინი არიან.

„ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს და ერთად ვეცდებით, რომ კარი გავუხსნათ მას. ამას ემსახურება ხელმოწერების ეს კამპანია, რომელიც არანაირად არ არის პოლიტიკური კამპანია, ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან მიმდინარეობასთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, რადგან დღეს ჩვენ, ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამ გზის გადამწყვეტ მომენტში ვართ.

მართალია, ჩვენ, ყველა ძალიან გახარებული ვიყავით, როცა კომისიამ 8 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის პირველი ასეთი გამარჯვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უკვე გამყარებული და გადაწყვეტილია. ამიტომ, თქვენი მობილიზაცია აუცილებელია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც იქნება უშუალოდ მთავარი გადაწყვეტილება, ევროპული საბჭოს 27 ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც, ყველას გვჯერა და ვიმედოვნებთ, ასევე დადებითი გადაწყვეტილება იქნება. მგონი, ძალიან დიდი შანსია, მაგრამ არასოდეს უნდა ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია და რაღაცნაირად მოვდუნდეთ. მოდუნების უფლება არ გაგვაჩნია, არც მე და არც თქვენ.

თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი გინდათ. გინდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი მომავალი ჰქონდეს? ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, რომ ეს არის რაღაცნაირი სამოთხე. ცხადია, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, მაგრამ ჩვენ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, თუ არა ის, რომ იყოს იმ ოჯახში, რომელიც თავისუფალი ქვეყნების, თავისუფალი საზოგადოებების ერთობაა და ვიყოთ იქ, სადაც რეალურად ვიქნებით დაცული ჩვენი პარტნიორების მიერ. ეს ჩვენთვის უალტერნატივოა. სადაც ჩვენ ვართ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია. ვინმე თუ ხედავს სხვაგან პერსპექტივას, გვითხრან, სად არის ის პერსპექტივა და რატომ უნდა ვენდოთ ასეთ პერსპექტივას.

მე ვიცი, რომ ახალგაზრდები ამას ბევრად უფრო კარგად ხვდებიან, რამეთუ თვითონ იციან, როგორი ცხოვრება უნდათ, რა ღირებულებებით და ისიც იციან, რომ ის, რასაც ზოგიერთი პროპაგანდა გვეუბნება და უნდათ, რომ დავიჯეროთ: თითქოს ეს ჩვენი იდენტობის დაკარგვა ან რაღაცნაირად გადაგვარებაა – არ არის სწორი.

ჩვენი იდენტობა სწორედ ტოლერანტობაა, ჩვენი იდენტობა არის სწორედ თავისუფლება, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი იდენტობა მრავალფეროვნებაა, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი იყო და ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი იდენტობა იყოს გაძლიერებული, გამყარებული, სწორედ ევროპაა ის სივრცე, სადაც პატარა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენ ეს იდენტობა გავიტანოთ, სხვებს დავაფასებინოთ და ჩვენც ჩვენი თავი დავაფასოთ. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის, ჩვენ ჩვენს თავში დაჯერებულნი უნდა ვიყოთ და ესეც სწორედ ისაა, რაც თქვენ ყველაზე კარგად შეგიძლიათ. ეს [ტაში] თქვენ გეკუთვნით, რადგან თქვენ უკვე აჩვენეთ ის, რაც გინდათ და რისთვისაც მზად ხართ, რომ იბრძოლოთ.

მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა, ახლა დავიწყო, ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ შეიძლება ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის. მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. მადლობა ყველას, რომ ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას, მაგრამ ეს პეტიცია არ არის ჩემი და არ არის ჩემთვის. ეს არის თქვენი პეტიცია და ერთი ხელმოწერა არაფერს არ წყვეტს. თქვენ ეს უნდა გააზიაროთ, მონახოთ ადამიანები, რომლებიც ასევე გააზიარებენ. აქ, მე მგონი, 35 ორგანიზაციაა მოსული, თქვენი ორგანიზაციები უნდა იყვნენ ჩართული ამაში, ეს მართლა უნდა გახდეს თქვენი პეტიცია ევროკავშირისადმი, ასევე, 6 უნივერსიტეტის და აქ 7 რეგიონის წარმომადგენლები ხართ. ეს პროცესი ყველგან უნდა გაიშალოს, თუ გვინდა, რომ დავანახოთ, რომ ეს ნამდვილად სრულიად საქართველოს მიმართვაა და არა რაღაც პრეზიდენტის ინიციატივა, როგორც ეს საწყის ეტაპზე იყო – ახლა ეს თქვენი ინიციატივაა, გადმოგეცით მე ეს თქვენ და თქვენ იცით, ამას როგორ გააცოცხლებთ და კიდევ გაზრდით და ბოლომდე მიიტანთ,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები